საზოგადოება
გურჯაანში ანიმაციური ფილმების ჩვენება და კოსტუმირებული მსვლელობა გაიმართა [photo]
დღეს გურჯაანის კულტურის ცენტრში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ექო-თოფუზის" მეორე დღე გაიმართა.

კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში აჩვენეს ანიმაციური ფილმები, მანამდე კი ფესტივალში მონაწილე ბავშვებმა მოაწყეს კოსტუმირებული მსვლელობა.
„დღეს ნაჩვენები იყო უახლესი ანიმაციური ქართული და ასევე ფესტივალის სუკეთესო უცხოური ფილმები. ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი ფილმი, რომელიც გუშინ ვორდშოფის დროს შექმნეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, ბავშვებიც კმაყოფილები დარჩნენ. იმედია, სამომავლოდ გურჯაანში სასწავლო სტუდიასაც გავხსნით. ოქტომბერში გაიმართება მთავარი ფესტივალი, სადაც გურჯაანელი ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი შეხვდებიან უცხოელ მხატვარ ანიმატორებს და წარადგენენ თავიანთ შექმნილ ფილმს. ათი წლის იუბილეა და ძალიან საინტერესო ღონისძიება იგეგმება. წარმატებას ვუსურვებ გურჯაანელებს,“-აღნიშნა პროექტების მენეჯერმა ანი გეჯაძემ.

როგორც ჩვენთან საუბარში ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩუმლაყის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ გიორგი ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს ორი დღე ძალიან მნიშნელოვანი იყო.
„ანიმაციების შექმნა ძალიან საინტერესოა. გუშინ ვისწავლე როგორ გავაკეთო სამწამიანი ანიმაცია. მომავალში კიდევ თუ იქნება მსგავსი რამ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“

ფესტივალი გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

| Print |
FaceBook Twitter Google