საზოგადოება
სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტაძარი მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება და ამაღლების ლავრასთან ახლოს მდებარეობს.
-„ერთი კვირაა, რაც რეაბილიტაცია დაიწყო. მოიჭრა მიწის ზედა ფენა და გამოჩნდა ძეგლის კონტურები. სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და ყველაზე ძველი ეკლესიაა სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე. აქვს კულტურული მემკკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჭერი ძალიან დაზიანებულია და კედლებიც მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. მიწის სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება და შემდეგ უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყება. ტაძარი პირვანდელი იერსახით აღდგება და მოქმედი გახდება. ეკლესიის მახლობლად ასევე გამოჩნდა ქვის სამარხი, რომელიც ფეოდალური ხანით თარიღდება. ეს სამარხები საქართველში მეოთხე საუკუნიდან შემოდის. მოხდება თუ არა შესწავლა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტეტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მიმდინარე წელს ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კოლაგში მდებარე მეცხრამეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.

| Print |
FaceBook Twitter Google