საზოგადოება
კურორტი "ახტალა" 3 755 000 ლარად იყიდება
გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "ახტალა" ელექტრონულ აუქციონზე 3 755 000 ლარად იყიდება. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.
ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  კურორტი პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში იყიდება. აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. თბილისიდან 122 კმ-ში, ხოლო ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს. მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ახტალაზე არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო).



| Print |
FaceBook Twitter Google