საზოგადოება
"თოფი რომ მესროლონ, მაინც არ წავალ" - გურჯაანის ბაზარში პროტესტი გრძელდება
გურჯაანის ბაზარში პროტესტი გრძელდება. მოვაჭრეთა ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ მათ ტერიტორიის დაცლა და დატოვება პარასკევისთვის მოსთხოვა.
თუმცა ისინი არსად წასვლას არ აპირებენ.

-„ჩემი დახლიდან არსადაც არ წავალ. რადგან აზერბაიჯანელები ვართ, გვიბრიყვებენ?! ჯერ ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, უნდა გახვიდეთო. თუ დანგრევა უნდათ, ყველა გაგვიყვანონ მაშინ და სამუშაოები ისე დაიწყონ.  გუშინ ლამარა (ბაზრის დირექტორი) მოვიდა და  გვითხრა, აიბარგეთ, უნდა დავანგრიოთო. “- ამბობს ნაირა სულთანოვა.

ბაზრის დატოვებას არც ბოსტნეულით მოვაჭრე აიქუნა სატყიზი აპირებს.

-„პურის ფულს აქ ვშოულობ, რომ წავიდე რა გავაკეთო, თავი რით ვირჩინო ?! ბანკის ვალები მაქვს და როგორ გავისტუმრო, სახლიც ხომ არ უნდა დავკარგოთ. ფეხზე ოპერაცია მჭირდება და იმის საშუალებაც არ მაქვს, ექიმთან მივიდე. თოფი რომ მესროლონ, მაინც არ წავალ.“ 

Speqtri.ge ბაზრის მფლობელს ნუკრი ლიპარტაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ორი დახლის მოვაჭრეებს არა ბაზრიდან გასვლა, არამედ კომპაქტურად განთავსება მოსთხოვა.

-"დანგრევაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ მოვაჭრეებს ვუთხარით, რომ კომპაქტურად განთავსდნენ. მთლიანი დახლი უკავია ორ ადამიანს და თვეში 200 ლარს იხდის სამას კვადრატულში. ისე გამოდის, ბაზარი როგორ განვკარგოთ, მაგის უფლებაც არ გვაქვს? ბევრი საქონელი აქვთ მოტანილი და ამის გამო დავაცადეთ პარასკევამდე."

ჩვენს კითხვაზე, როდის დაიწყება ბაზრის მშენებლობა გურჯაანში, ნუკრი ლიპარტაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შესაბამის ნებართვასთანაა დაკაშირებული. მშენებლობის დაწყების შემდეგ, სად გადაიყყვანენ მოვაჭრეებს, ამ დროისთვის უცნობია.



| Print |
FaceBook Twitter Google