საზოგადოება
თეა გურგენიძემ მეოთხეკლასელებს დღეს გაკვეთილი საბავშვო ბაღში ჩაუტარა
იორმუღანლოს სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები, სწავლას სკოლის მაგივრად ბაღის შენობაში განაგრძობენ. როგორც ჩვენთან საუბარში პედაგოგმა თეა გურგენიძემ აღნიშნა, გუშინ მშობლები დააშინეს, თუმცა ბავშვები გაკვეთილზე მაინც მოვიდნენ.
„ეს არის ქართული ბაღის შენობა, რომელიც ექვსი წლის წინ გავხსენით. აქ ბავშვები ორის ნახევრამდე არიან. შემდეგ მიჰყავთ. ორ საათზე ჩვენ დავიწყეთ გაკვეთილის ჩატარება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეკრებილი იყვნენ მშობლები და სოფლის მოსახლეობა. არავინ მოსულა არც სკოლიდან და არც რაიონიდან. საღამოს, როცა ხალხი დაიშალა, მაშინ ჩამოვიდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე. შევიდა სკოლაში და მანამდე თუ არავინ გახსენებია, გუშინ ყველა სიყვარულით მოიკითხა. შემდეგ მისმა მეუღლემ და დირექტორის მოადგილემ კარდაკარ ჩამოიარეს, ბავშვების მშობლები ზოგი გალანძღეს და ზოგი დააშინეს. უთხრეს თუ ბავშვები არ მივიდოდნენ სკოლაში, პრობლემები შეექმნებოდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ - მათაც.“
ბრალდებას უარყოფს, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე.
„ეს აბსოლუტური აბსურდია, გადაიღოს ფაქტი და დააფიქსიროს. ჩემი მეუღლე საერთოდ არ ერევა ამ სიტუაციაში. “- გვითხრა მან.
თეა გურგენიძის თქმით, მიუხედავად მუქარისა, დღეს გაკვეთილზე 17 ბავშვი მაინც მივიდა. როგორც მან აღნიშნა, საბავშვო ბაღში გაკვეთილებს მანამდე ჩაატარებს, ვიდრე განათლების სამინისტრო ამ საქმით არ დაინტერესდება.
„რომელთა მშობლებიც ვერ შეაშინეს, მოვიდნენ ვატარებთ ქართულის გაკვეთილს. დანარჩენი სამი ბავშვი, ერთი დირექტორის შვილიშვილი და მეორე მისი ბიძაშვილი, ტირილით წავიდნენ აქედან. მე დანებებას არ ვაპირებ. ასე გავაგრძელებ სანამ სამინისტრო არ მიხვდება რამდენი დანაშაული ხდება ამ რაიონში. აქედანაც რომ გამიშვან, ქუჩა-ქუჩა ვივლი, სადაც ქართულით დაინტერესებულ ორ ადამიანს დავინახავ, მივალ და გაკვეთილებს იქაც ჩავატარებ. ჩემი მასწავლებლობა მხოლოდ სკოლით და ხელფასით არ განისაზღვრება.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები საგანმანათლებლო დაწესებულების ნაცვლად კარავში ჩაუტარდათ. მშობლები და მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.გურგენიძეს მეოთხეკლასელი მოსწავლის ცემაში სდებენ ბრალს.
| Print |
FaceBook Twitter Google