საზოგადოება
თელავის სოციალურ საწარმოში მოზარდები დასაქმდნენ
ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით თელავში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“. საწარმო დაფუძნდა პროექტის ფარგლებში - „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ კოაპლიკანტ ორგანიზაციებთან ერთად (საზოგადოება „ბილიკი“, „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“) კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ახორციელებს.
ორგანიზაცია „აფხაზეთის“ კომუნიკაციის კოორდინატორის სოფიკო ლაგვილავას თქმით, პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირებისა და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით.
„ეს არის რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც 17 ათასი ევროს ღირებულების რძის შოკური პასტერიზატორის დანადგარი გადაეცა, რაც მას საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდოს ყველის ასორტიმენტი და აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პროექტის ფარგლებში თითოეულ სამიზნე რეგიონში 2-2 სოციალური საწარმო დაფუძნდება (ჯამში, 6 სოციალური საწარმო შეიქმნება). თელავში გახსნილ საწარმოში ოთხი მოზარდი დაასაქმეს, რომლებიც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან. მათი თვიური ანაზღურება 375 ლარია. ჩვენთან სტაჟირება გაცილებით ბევრმა ბავშვმა გაიარა. თუმცა ზოგი კოლეჯში სწავლობს, ზოგი უმაღლესში აბარებს. მხოლოდ ოთხმა მოისურვა დასაქმება. მომავალში თელავში კიდევ ერთი საწარმოს გახსნა იგეგმება. ჩვენი პროექტის ფარგლებში 80 მოზარდი უნდა დავასაქმოთ.“
ოფიციალურ გახსნას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, პროექტის განმახორციელებელი ორაგანიზაციების თანამშრომლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google