საზოგადოება
ალოობასთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში დამატებითი ტექნიკა შევიდა
ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და შპს ,,მექანიზატორის“ ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში დამატებით 12 ერთეული კომბაინი შევიდა, რამაც ჯამში 40 ერთეული შეადგინა. აღნიშნული ტექნიკის განაწილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება. კერძო პირების საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც . საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის ,,მექანიზატორიც“ დაეხმარება.
„მთავარია, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენი ტექნიკის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. არსებული რესურსი კი საფუძველს იძლევა, რომ მოსავლის აღების სამუშაოები შეუფერხებლად ჩავატაროთ. მეოთხე წელია, რეკორდულად კარგი მოსავალი გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ თუნდაც 1 ჰექტრიანი მიწის მფლობელს რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ გლეხს არცერთი მარცვალი ასაღები არ დარჩეს“- აღნიშნა მან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ალოობა ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება.


| Print |
FaceBook Twitter Google