საზოგადოება
"ახტალამ“ საკურორტო სეზონის გახსნიდან დღემდე 35 დამსვენებელი მიიღო
"ახტალაზე“ საკურორტო სეზონი 15 მაისს გაიხსნა და ამ დროისთვის 35 დამსვენებელი მიიღო. როგორც კურორტის დირექტორი გოგა უტიაშვილი ამბობს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია.
-„ვიზიტორთა რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახალი დამსვენებლები გვყავს. 2 ჩამოვიდა ისრაელიდან, 1 უკრაინიდან, 3 რუსეთიდან, ხოლო დანარჩენი - საქართველოდანაა.“- ამბობს გოგა უტიაშვილი.

როგორც ცნობილია, კუროტი ახტალა, ელექტრონულ აუქციონზეა გატანილი და 3 755 000 ლარად იყიდება. დირექტორის განცხადებით, გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან.

-„აუქციონი 14 ივნისს გაიმართება. ინვესტორები უკვე დიანტერესდნენ. მე არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა და ტერიტორია დაათვალიერა. არც ერთი მათგანი გურჯაანელი არ არის. მინდა გითხრათ, რომ ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს ბავშვთა გასართობ ადგილსა და ცენტრალურ პარკს, არ გაიყიდება. 4 ჰექტარი ფართობი აუქციონზე არ გავა. გასხვისების შემდეგ, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ამ ადგილს, რომ არ მოხდეს დანაგვიანება და სიმშვიდე იყოს. ხალხი აქ თავისუფლად შემოვა, არ იქნება არანაირი გადასახადი.“- აღნიშნა გოგა უტიაშვილმა.

ცნობისთვის, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.
ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. კურორტი პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში იყიდება. აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / კურორტი /