საზოგადოება
გომბორზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დააკავეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.
საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
| Print |
FaceBook Twitter Google