საზოგადოება
სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციებს ამკაცრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.
განათლების მინისტრმა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, 9 ივნისს, გომბორის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განაცხადა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google