საზოგადოება
გურჯაანში პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ინიცირებული რეკომენდაციები გააცნეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გურჯაანში შეხვედრა გამართეს. დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებთან დაკავშირებული, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რეკომენდაციები გააცნეს.
„სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონის კოორდინატორის ნანა დევიძის განცხადებით, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ მითითებების გათვალისწინებით სააჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„ მათ, ვისაც არჩევნები აინტერესებს, გავაცანით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. თუ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ გაითვალისწინა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო. ყველა რეკომენდაცია ერთნაირად მნიშვნელოვანია და ვერცერთს გამოვარჩევ.“
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხი მგალობლიშვილმა განმარტა, აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავება, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში გამოკვეთილმა ხარვეზებმა განაპირობა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არჩევნების პერიოდში ჩვენი ორგანიზაციები ახორციელებენ შეფასებით ანალიზს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ორგანიზაციის სახელით მიმოხილვა გავაკეთეთ საარჩევნო დავებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ჩვენ მოგვიწია ბევრი საარჩევნო დავის წაგება. იქ არსებულმა ხარვეზებმა და გარკვეულმა უზუსტობებმა აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავება გამოიწვია. “
შეხვედრას, რომელმაც დისკუსიის ფორმატში ჩაიარა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google