საზოგადოება
ახაშენში შუასაუკუნეების ქურა აღმოაჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, თავწყაროს ხევის ნაპირზე, სავარაუდოდ, შუა საუკუნეების დროინდელი კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ქურა აშენებულია აგურით და კამაროვანი გადახურვა აქვს.
„ბავშვებმა აღმოაჩინეს ტყეში, სოფლიდან დახლოებით სამი კილომეტრის დაშორებით. ფერდობი წვიმების შედეგად ჩამოირეცხა და გამოჩნდა. ქურას ცეცხლის კვალი ამჩნევია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კერამიკის გამოსაწვავად იყენებდნენ. მას ზემოდან ექნებოდა გამწოვი კერამიკული მილი დატანებული, შემორჩენილია პირვანდელი სახით და როგორც ჩანს, არის თიხის ჭურჭლის, კრამიტის და აგურის გამოსაწვავი. ეს ერთადერთი ქურაა, რომელიც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. ვიზუალური დაკვირვებით აგური შიგნიდან ძალიან დაშლილია. ჩვენი წინაპრები ისეთ ადგილას აკეთებდნენ ქურებს, სადაც იყო წყალი და თიხის ბუნებრივი საბადოები-ტინები. მას სჭირდება გასუფთავება, გაწმენდა და საბოლოოდ დასკვნის გაკეთება.“
თამაზ მარკოზაშვილის თქმით, მერია გეგმავს, ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართოს, რის შემდეგაც მონიტორინგის ჯგუფი, მიიღებს გადაწყვეტილებას არქეოლოგიური გათხრების წარმოების შესახებ.




| Print |
FaceBook Twitter Google