საზოგადოება
კარდენახელები ელექტროენერგიის რეგულარულ გათიშვებს აპროტესტებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დენი არასტაბილურად მიეწოდებათ. მათი თქმით, ელექტროენერგია თითქმის ყოველდღე ითიშება.
-"სოფელში ელექტროენერგიას თითქმის ყოველდღე თიშავენ. განსაკუთრებით ამინდის ცვლილების დროს, პატარა ნიავიც კი მოქმედებს. ამ გაუსაძლისი სიცხის დროს უფრო აუტანელია ეს ყველაფერი. არ ვიცით რას უკავშირდება ასე წარა-მარა გამორთვა. ალბათ გაუმართავი სადენების ბრალია." - ამბობს სოფელ კარდენახში მცხოვრები ლია ყანჩაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით speqtri.ge ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტს, თამარ დოგრაშვილს ესაუბრა.

-" ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ შეიძლება ნამდვილად გაითიშოს, შეიძლება ორ- სამჯერაც.  7 ივლისს, კარდენახში ელექტროენერგია ჭექა-ქუხილის გამო ავარიულად გამოირთო. გუშინაც შეიზღუდა იმიტომ, რომ საინვესტიციო პროექტის გარგლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ენერგო-პრომ "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ერთი წლის წინ შეიძინა. ქსელი გაუმართავი იყო. ეს დიდ სამუშაოებს საჭიროებს, რათა ხარისხიანი და 24 საათიანი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მოვახდინოთ. ნახევარი წელია, რაც პროექტები გაიწერა, მანამდე გადმობარების პროცესი მიმდინარეობდა. ქსელის აღდგენა ეტაპობრივად ხორციელდება და გეგმიური გათიშვებიც ამას უკავშირდება. გათიშვების შესახებ აბონენტებს წინასწარ ეგზავნებათ შეტყობინება."

როდის დასრულდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება, ენერგო-პრო ჯორჯიაში ვერ აკონკრეტებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google