საზოგადოება
ცენტრალურ მაგისტრალზე კანალიზაციის ქსელის სამუშაოები მომდევნო კვირაში განახლდება
გურჯაანში თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, კანალიზაციის ქსელის მონტაჟი შეჩერებულია.
ადგილობრივების თქმით, გადათხრილია ტროტუარი, დაზიანებულია ჯაფარიძის ქუჩის ასასვლელი, რის გამოც პრობლემა ექმნებათ ქვეითებსაც და მანქანის მძღოლებსაც.
„ტროტუარზე ხომ ვერ გაივლის ადამიანი, ხალხი გზაზე დადის, ისედაც ცუდი მოსახვევია და ავარიის ალბათობა დიდია. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ იყო. უკვე რამდენიმე თვეა გათხარეს. კანალიზაცია უნდა გავაკეთოთო და დაანებეს თავი. დიდი ხანია აღარ გამოჩენილან. საქმე დასასრულებელია. გარდა ამისა, ქუჩის ასახვევთან იმხელა ლოდებია ჩალაგებული მანქანას ასვლა უჭირს. ცალკე ეს ქვა-ღორღი სანიაღვრე არხში იყრება,“- გვითხრა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
„ჩემი ვინაობის დასახელება რას შეცვლის, პრობლემის შესახებ ხომ გესაუბრეთ, მდგომარეობას თქვენც ხედავთ, აუცილებელია ჩემი სახელიც დაწეროთ?“ - გვიპასუხა მან.
ცენტრალურ მაგისტრალზე, აღნიშნულ სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს. საკითხის გასარკვევად ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსს მიხეილ თათარაძეს დავუკავშირდით. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, პროცესი მომდევნო კვირაში განახლდება.
„წყალმომარაგების სისტემაში არსებული ხარვეზების გამო, სამუშაოები დროებით შეჩერდა. ტექნიკური ჯგუფები სულ იქ იყო გადართული. ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია და მუშაობა მომდევნო კვირაში გაგრძელდება. ყველაფერი სავარაუდოდ ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. რაც შეეხება გადათხრილ ტრორუარს, სამუშაოების წარმოების დროს ნებისმიერ დაზიანებაზე კომპანიაა პასუხისმგებელი. ინფრასტრუქტურის აღდგენა ჩვენი კომპეტენცია და ყველაფერს გავაკეთებთ.“
შეგახსენებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე კანალიზაცია ღიად, სანიაღვრე არხში მიედინებოდა, რის გამოც ზაფხულში გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. სწორედ ამის გამო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მარტში ცენტრალურ მაგისტრალზე საკანალიზაციო სისტემის მონტაჟი დაიწყო.





| Print |
FaceBook Twitter Google