საზოგადოება
"ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, "მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს“ - კარდენახელები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.  როგორც "ნუშებისა“ და „ტეტელოშვილების უბანში“ ამბობენ,  გზა ისეა დაზიანებული, მანქანით კი არა, გავლა ფეხითაც შეუძლებელია.
აქაურებს საკითხის გადაჭრის აღარ სჯერათ და პრობლემაზე ხუმრობენ კიდეც.

-„ისეთი გზაა, მანქანა რომ დადის, „მაგნიტაფონს“ ორჯერ უკრავს. აბა რა ვიცით, გვეშველება რამე?!“- ამბობენ ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლები.

უფრო სერიოზულად კი ამ საკითხზე ივანე ხელაშვილი გვესაუბრება.

-“ამ გზაზე „ტაჩკითაც“ კი ვერ გაივლი. საარჩევნოდ, ცენტრალური გზიდან ჩამოსასვლელი გაგვიკეთეს მარტო, დაახლოებით 100 მეტრი იქნება. აქ რა ხალხი არ ვცხოვრობთ? ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება“.

აღნიშნულ პრობლემაზე გვიყვება გურამ შაკიაშვილიც.
-„თოვლი რომ მოვა, მანქანები ცენტრალურ გზამდე საერთოდ ვეღარ ადის. ამას წინათ ხევი მოვარდა და გზა უფრო დახრამა, ვენახებისკენ ვეღარ ჩავსულვართ. რაღაც უნდა გვეშველოს, თორემ ასე ყოფნა არ შეიძლება.“

მზია ბეროშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

-„რამდენჯერ შევიკრიბეთ, ვლაპარაკობთ, მაგრამ რა აზრი აქვს?! 35 წელია აქ ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც გზა გვეღირსა და არც არაფერი. ბავშვები სკოლაში წვალებით დადიან, თითო წყვილი ფეხსაცმელი ერთი კვირა არ ჰყოფნით. მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით, ხმები უნდათ რომ მიიღინ, ჩვენი ჯავრი კი არ აქვთ. ნორმალურად ჩაცმა და გავლა რომ გინდოდეს, ვერსად ვერ წახვალ, მტვერში და ტალახში ვიხრჩობით. “

ტეტელოშვილების უბნის მცხოვრებლების მსგავსად გზის მოასფალტებას „ნუშების უბანშიც“ ითხოვენ.

„გზა რომ არ გვაქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვინ გააკეთებს?! სულ დახრამულია. ფეხითაც ჭირს გავლა, მაღაზიამდე ძლივს მივდივართ ხოლმე. მერი მოვიდა და შეგვპირდა დახმარებას, ველოდებით როდის შეასრულებენ დანაპირებს, სხვა რა გზა გვაქვს.“ - ამბობს ლეო დოლენჯაშვილი.

დაპირების შესრულების მოლოდინი აქვს ტარიელ ბასილაშვილსაც.

-„გვპირდებიან ბეტონი უნდა დავასხათო და ვნახოთ რა იქნება, არადა აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ბავშვები სკოლაში ძლივს დადიან. უნდა მოგხედონ და მოგავქციონ ყურადღება“

საკითხის გასარკვევად speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

-„მიმდინარე წელს, სოფელ კარდენახში 1 590 მეტრი გზა მოასფალტდება, რომელიც პროექტში ნაწილობრივ „ნუშების უბანსაც“ მოიცავს. აქ 300 მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაახლოებით ორ კვირაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. გრაფიკის მიხედვით, სამუშაოების საწარმოებლად კომპანიას სამთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა.

რაც შეეხება ტეტელოშვილების უბნის გზის რეაბილიტაციას, ეს საკითხი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როდის გადაიჭრება აღნიშნულ უბანში გზის პრობლემა, მერიაში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google