საზოგადოება
დედოფლისწყაროში მოსახლეობა მოიწამლა
დედოფლისწყაროში მოსახლეობის მოწამლვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგიტა რობიტაშვილმა განაცხადა, მისი მეუღლე საავადმყოფოში საშინელი მუცლის ტკივილით გადაიყვანეს.
ისინი ეჭვობენ, რომ მოწამლვის მიზეზი დაბინძურებული წყალია.
„ დაახლოებით რვა ადამიანი ეტაპობრივად გადაიყვანეს საავადმყოფოში. დედოფლისწყაროში არ აქვთ ის აღჭურვილობა, რომლითაც საფუძვლიანად გამოიკვლევდნენ პაციენტებს, ამიტომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ჩვენი ძალებით ინდივიდუალურად თბილისის სხვადასხვა სავადმყოფოში გადავედით. წყალზე იმიტომ გვაქვს ეჭვი, რომ ზემო და ქვემო უბნის მცხოვრებლები მიყოლებით გახდნენ ცუდად. ასევე შეუძლოდ გახდა, ბოდბიდან ჩამოსული ორი სტუმარი, რომლებიც გასვენებაში იმყოფებოდნენ. როგორც ინფექციურში გვითხრეს, ანალიზებში ნაწლავური ჩხირები გამოიკვეთა, რამაც ნაწლავების გაღიზიანება გამოიწვია.“
დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით წყლით მოწამლვის ვერსია არ დასტურდება.
„ადგილზე იყვნენ მოსულები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, აიღეს ანალიზები და დადასტურდა, რომ წყლის დაბინძურება არ არის. ჩვენ კიდევ დამატებით სხვა ლაბორატორებშიც ვამოწმებინებთ და მათი დასკვნა სავარაუდოდ ორშაბათს გვექნება. წყალი იმიტომ გამოვრიცხეთ, რომ დაზარალებულები სხვადასხვა ზონაში ცხოვრობენ, რომელიც სხვადასხვა რეზერვუარიდან მარაგდება. სხვა ლაბორატორიებიდანაც რომ მოვა პასუხები, დასკვნას ამის შემდეგ გავაკეთებთ. “
დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მარიეტა გონაშვილის განმარტებით, დაზარალებულები ერთ-ერთ რესტორანში გასვენებაში იმყოფებოდნენ. ამჟამად ყველა მათგანის ანალიზი თბილისში ლაბორატორიაში არის გადაგზავნილი და პასუხებს მომდევნო კვირაში ელოდებიან.
„ თორმეტი - ცამეტი კაცი 5 ივლისს, როგორც გამოიკვეთა, ყველა ერთ რესტორანში იყო ორ სხვადასხვა სუფრაზე. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ვცდილობთ გამოკვლევა წყლიდან დავიწყოთ, მაგრამ არ არის დაზუსტებული წყალია თუ საკვებში იყო რამე. იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ჩამოსულები, აიღეს ანალიზები მათგან, ვისაც ჩივილები ჰქონდა. გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, რომელიც უფრო ზუსტ პასუხს მოგვცემს.“
მარიეტა გონაშვილის განცხადებით, წყლის სინჯები აიღო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიამაც.
„გავაკეთეთ მუნიციპალური წყლის ანალიზი. გარდა ამისა, სინჯები აიღეს იმ რესტორნის რეზერვუარიდან, სადაც დაზარალებულები იმყოფებოდნენ. ასევე, დღეს ჩამოვლენ სურსათის უვნებლობის წარმომადგენლებიც და ისინიც ჩაატარებენ მოკვლევას. ერთ-ერთი ქალბატონის დიაგნოზი არის ამებიაზი, ხოლო დანარჩენების-ჰემოკოლიტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საშიშროება არავის ემუქრება. “
მარიეტა გონაშვილის თქმით, ამჟამად კვლევის პროცესში იმყოფებიან. თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის მოწამლვა, მიზეზი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google