საზოგადოება
გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება
29 ივლისს, გურჯაანში კურორტ „ახტალაზე“ რეგიონში პირველად ხილის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ტარდება.

უწყების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია: ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე; სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის; ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით, ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე; სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საგანმანათლებლო სექტორიდან, ლაბორატორიიდან, ფერმერთა მომსახურების ცენტრებიდან, აგრეთვე რეგიონში ჩამოსული ტურისტები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.



| Print |
FaceBook Twitter Google