საზოგადოება
რის გამო შეიძლება დაიწუნოს ტექინსპექტირების ცენტრმა ავტომანქანა

სავალდებულო ტექინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ავტოტრანსპორტის ნაწილს უკვე შეეხო. ამ დროისთვის გურჯაანის ტექინსპექტირების ცენტრში დათვალიერება სულ 97-მა ავტომანქანამ გაიარა, მათგან 8 სატვირთო იყო, ხოლო დანარჩენი მიკროავტობუსი.

პირველ ეტაპზე ექვსმა მიკროავტობუსმა მოთოხვნები ვერ დააკმაყოფილა და ინსპექტირება მეორედ გაიარა, რაც შეეხება სატვირთოებს, რვავე გამართული აღმოჩნდა.

speqtri.ge გურჯაანის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექნიკურ მენეჯერს გოგა პეტრუზაშვილს ესაუბრა.

- კანონის მიხედვით, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი?
-მძღოლების უმეტესობას ეშინია, რომ მანქანას დადგენილ ნორმაზე მაღალი გამონაბოლქვი არ ჰქონდეს. ამ ეტაპზე გაუკონტროლებელი საწვავი იყიდება, რამაც შეიძლება ძრავებში მაღალი CO-ს არსებობა გამოიწვიოს. დღეს ამ კუთხით ისეთი მოთხოვნებია, რომ ძირითადი მასა სტანდარტებს აკმაყოფილებს. ავტომობილები, რომლებიც 80-იან წლებშია გამოშვებული და არ აქვს გამონაბოლქვ სისტემაში კატალიზატორები, ნახშირორჟანგის დასაშვები პროცენტულობა მაღალი ექნება და 4-მდე აღწევს, მაშინ, როდესაც კატალიზატორიან მანქანებში ეს მაჩვენებელი 0.8.-ს შეადგენს.

1986 წლამდე წარმოებულ მანქანებს სხვა კრიტერიუმები აქვს განსაზღვრული. შესაძლოა, მას მეტი გამონაბოლქვი ჰქოდნეს და მაინც გაიაროს ინსპექტირება. თუ ავტომობილს არ აქვს კატალიზატორი, მაგრამ გამონაბლქვის დონეს არ გადააჭარბა, მაინც გაივლის ინსპექტირებას და დაწუნებულად არ ჩაითვლება. გამონაბოლქვის დონე 0.8-ზე ქვევით თუ არის, აღარ ვამოწმებთ კატალიზოტორი აქვს თუ არა. ზოგს ეშინია, რომ მანქანა მეორადი საბურავით ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. არადა, მოთხოვნაში არსად წერია, რომ მაინცდამაინც ახალი საბურავი უნდა ჰქონდეს, მთავარია, პროტექტორის ზომა სტანდარტს აკმაყოფილებდეს და წინა და უკანა ხიდზე ერთნაირი საბურავი ეყენოს.

თუ ავტომობილის საქარე მინას აქვს ლაქა ან ბზარი მინამწმენდის მოქმედების არეში, ჩათვალეთ, რომ ამის გამო დავიწუნებთ. მანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, არ აქვს მნიშვნელობა სამგზავროა, სატვირთო თუ მსუბუქი. როცა ტექდათავლიერების პროცედურები მთავრდება, ავტომობილს აუცილებლად ვუღებთ ფოტოს, გარეგნულად რა მდგომარეობაშია. აქ, ჩვენთან, სტენდზე მოწმდება მუხრუჭი, ფარები, გამონაბოლქვი, დანარჩენი ყველაფერი ვიზუალური დათვალიერებით ხდება. ის, რომ შორი და ახლო მაშუქი უნდა უნთებდეს, ამას ინსპექტორი ამოწმებს.

- რამდენია ტექნიკური ინსპექტირების გადასახადი?
-მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში 60 ლარია, ხოლო მიკროავტობუსის დროს - 100 ლარი. ჩვენთან დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და მძღოლები თანხას აქვე იხდიან.

- თუ მანქანამ განსაზღვრული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მაშინ რა ხდება?
- ამ შემთხვევაში, ის ტექნიკურად გაუმართავად ჩაითვლება. შესაბამისად, დათვალიერების ფურცელში, სადაც ყველა პარამეტრია მოცემული, ის პარამეტრებიც იწერება, რის გამოც ავტომობილი დავიწუნეთ. ერთიანი მომსახურების ცენტრს გადაეცემა ინფორმაცია, რომ მანქანა ტექნიკურად გაუმართავია. მძღოლს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში აღმოფხვრას ეს ხარვეზები და მოვიდეს ჩვენთან. თუ ამ ვადას დაიცავს, თანხას ხელმეორედ აღარ გადაიხდის. სანამ ხარვეზებს გამოასწორებს, გადაადგილება ეკრძალება, თუ პატრულმა გააჩერა, რა თქმა უნდა, დააჯარიმებს, როგორც ტექდათვალიერებაზე გაუვლელ მანქანას.

-მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ასევე, სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც. თქვენს ცენტრში თუ ხდება შემოწმება ამ კუთხით?
-გვეკრძალება ამ ცენტრის პარალელურად გვქონდეს პროფილაქტიკა, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. არადა, კანონი მავალდებულებდა, თუ მანქანას მოწყობილობა გაუმართავი აქვს, ბალონი მოხსენი და შეცვალეო. ფაქტობრივად, მომსახურებას მავალებდა, რისი უფლებაც არ მქონდა. ეს იყო სამეწარმეო კანონის დარღვევა. ამაზე დიდი ამბავი ავტეხეთ. მთავრობის სხდომაზე გამოიტანეს ახალი დადგენილება და ეს მოთხოვნა გააუქმეს. საქართველოში არის რამდენიმე აკრედიტებული საწარმო, რომელსაც აქვს უფლება შეამოწმოს და შესაბამისი ცნობაც გასცეს. ჩვენთან, აიბალონიანი მანქანების მხოლოდ გამონაბოლქვს ვამოწმებთ, აირბალონის ტექნიკურ მდგომარეობას კი - აღარ.

- თქვენი შეფასებით, რამდენად გამართულია ტექინსპექტირების ცენტრები საქართველოში?
- აღნიშნული ცენტრები ყველანაირ პირობას უქმნის მძღოლებს, რომ ოპერატიულად ჩატარდეს ტექდათვალიერება. რაც მთავარია, კორუფციის ნიშანი აბსოლუტურად გამორიცხულია. მოდის მძღოლი და იხდის ფულს, აქ არ არის საშიშორება, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე არ გავატაროთ. თვალს ვერ დავხუჭავთ, თუკი ხარვეზები აღმოვაჩინეთ. ცენტრი აღჭურვილია მაღალპიქსელიანი ხმოვანი კამერებით და ყველაფერი კონტროლდება. ჩანაწერი 14 თვის განმავლობაში ინახება.

- მარჯვენასაჭიან მანქანებზე თუ იქნება განსაკუთრებული მოთხოვნა?
- ჯერჯერობით მკაცრი დირექტივა არ მიგვიღია, მაგრამ აუცილებლად გვექნება. როგორც ვიცით, მათ ფარები უნდა შეცვალონ და შეაბრუნონ. ის მარჯვენა მოძრაობაზეა გათვლილი და შემხვედრ მანქანებს მხედველობას უშლის.

- მძღოლები რამდენად შეგნებულად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს?
- თუკი მგზავრს ემსახურები, უნდა იცოდე, რომ მას კომფორტი და უსაფრთხო ტრანსპორტი სჭირდება. ამიტომ მძღოლები გარკვეულწილად შეგნებულად ეკიდებიან სავალდებულო ტექდათავლიერებას. თქვენი აპარატი გაუმართავია და ჩემი მანქანა კარგ მდგომარეობაშიაო, ჯერ არც ერთ მძღოლს უთქვამს. ზოგიერთი ტაქსისტი ხშირად ამბობს, ამ მანქანით ლუკმა-პურს ვაჭმევ ჩემს ოჯახს და დათვალიერება ძვირი დამიჯდებაო. ზოგს კარი არ ეკეტება და ცალი ფარი აქვს, ეს რამდენად მიზანშეწონილია? გურჯანში არც ერთი ტაქსი არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, არც გადასახადს იხდის. არადა, ქალაქში იმდენი ტაქსია და ისეთი მდგომარეობაა, მანქანას ფიზიკურად ვერსად გააჩერებ, ტაქსოპარკი უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად.

-2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება ყველა ტიპის ავტომანქანისთვის, ძრავის მოცულობის შესაბამისად, ეტაპობრივად. როგორი იქნება რიგითობა?
-რიგითობა, რომელმა მანქანამ როდის უნდა გაიაროს ტექინსპექტირება, განსაზღვრული იქნება რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, რომელიც ტექნიკურ პასპორტშია მითითებული. მაგალითად, თუ იანვარშია რეგისტრირებული 2019 წლის იანვარში მოუწევს, თუ დეკემბერია - 2018 წლის დეკემბერში. თუ სექტემბერშია რეგისტრირებული, სავალდებულო ინსპექტირება მომავალი წლის სექტემბროდან შეეხება.

ინფორმაციისთვის, მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიარონ, 2018 წლის ოქტომბრიდან, ხოლო 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა 2019 წლის 1 იანვარია.

| Print |
FaceBook Twitter Google