საზოგადოება
ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. როგორც speqtri.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა განუცხადა, შესაბამისმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.

-"კომისიის შემადგენლობაში შედიან იმ სოფლის რწმუნებულებიც, სადაც სტიქია იყო.  ტექნიკა გასულია, ცენტრალურ გზაზე გრეიდერი მუშაობს, გზა ანაგა- ვაქირშიც იწმინდება.  სოფელ ილიაწმინდაში ერთ ოჯახს სახლის კედელი ჩამოენგრა, ზოგს წყალი სარდაფებში შეუვარდა და მათ სახანძრო-სამაშველო სამსახური დაეხმარა. ზარალს დავითვლით და დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავეხმარებთ. რაც შეეხება სავარგულებთან მისასვლელი გზების აღდგენას, ამას ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერ შევძლებთ. ასევე დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემებიც, საკმაოდ რთული მდგომარეობაა."- აღნიშნა გოგილაშვილმა speqtri.ge-სთან.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი ჰერეთისკარი დააზარალა.

-"სანიაღვრე არხებმა ჭარბი წყალი ვერ გაატარა და ეზოები დაიტბორა. გუშინაც ვიმუშავეთ, სუფთავდება სანიაღვრე არხები. რაიმე ინფრასტრუქტურული ზარალი, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტის არსებული ტექნიკა მუშაობას განაგრძობს."- გვითხრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სტიქიის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები, ანაგა, ვაქირი და მაშნაარი დააზარალა. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.


| Print |
FaceBook Twitter Google