საზოგადოება
გურჯაანის მერიაში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციის წარმომადგენლებმა აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

გუბერნატორის ადმინიტრაციის წარმომადგენლის, ბენედიქტე გეგეჭკორის თქმით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 - დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
„ასევე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს 18 - დან 22 წლის ჩათვლით, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. პირველ ეტაპზე, რომელიც პირველ აგვისტოს იწყება, მიღება განხორციელდება ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, რომელშიც მიიღებიან კახეთის, აჭარის და გურიის რეგიონის მცხოვრებლები. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება კი ყოველთვიური წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნის შემთხვევაში მათ ხელფასი სრულად შეუნარჩუნდებათ. რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.“

ბენედიქტე გეგეჭკორის თქმით რეზერვში ჩარიცხული რიგითის წლიური ანაზღაურება საშუალოდ 2700 ლარი იქნება. ისინი ასევე ისარგებლებენ სამედიცინო დაზღვევით და სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა პირველი აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. კახეთის რეგიონში, ქ.თელავში, თამარ მეფის ქუჩა #36-ში, (ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა).



| Print |
FaceBook Twitter Google