საზოგადოება
ხილის ფესტივალში 30-ზე მეტი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას
29 ივლისს გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე ხილის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ორ საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიება რეგიონში პირველად ტარდება.
„მონაწილეობას მიიღებენ ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფერმერები განათავსებენ თავიანთ პროდუქციას და მოხდება ხილის დეგუსტაცია. წარმოდგენილი იქნება თელავის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი, რომელიც საექსპერიმენტო გარემოს შექმნის. მსგავსი კონცეფციით იქნება წარმოდგენილი კაჭრეთის კოლეჯი „აისიც“.

ეკა ცისკარაშვილის თქმით, ფესტივალის მიზანია ადგილობრივი ხილის პოპულარიზაცია და მწარმოებელსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს შორის, სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირების დამყარება.
„ეს ფესტივალი საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ კახეთში წარმოებული სეზონური ხილი, ასევე სამომავლოდ მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ადგილობრივ მწარმოებლებთან. სტუმრად გვეყოლებიან გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები. მონაწილე ფერმერებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ეს ყველაფერი კი სასიამოვნო მუსიკის ფონზე ჩაივლის.“

ფესტივალი მერიის , გუბერნიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კახეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. როგორც გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ამბობს, ამ დროისთვის გამოფენაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 30-მდე კომპანიამ, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.


| Print |
FaceBook Twitter Google