საზოგადოება
გურჯაანში უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვას გულისხმობდა, ჩაიშალა.
ტენდერი დღეს დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. შესყიდვის ღირებულება 8 474 ლარს შეადგენდა.

-„ტენდერში გამარჯვებულს ევალებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა შემსყიდველის მითითებით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ჰუმანური მეთოდებით. შემდეგ შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, სხვა ვეტერინრინარული მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით და რეგისტირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. აქ საუბარი იყო 140 ძაღლზე. ტენდერი დღეს დასრულდა და მონაწილეობა არავის მიუღია. ჩვენ ჩავატარებთ ბაზრის კვლევას და ამის მიზეზს შევისწავლით, შემდეგ კი ტენდერს თავიდან გამოვაცხადებთ.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გურჯაანში ძაღლების თავშესაფარის აშენებაა დაგეგმილი. ამისთვის თანხა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. რა ეტაპზეა პროცესი, speqtri.ge ამ თემაზე მუშაობს და ინფორმაციას მოგვიანებთ შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ უპატრონო ძაღლების საკითხის გადასაჭრელად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზრუნვა წლების წინ დაიწყო. 2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ მიზნით ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, გამარჯვებულ კომპანიას ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ევალებოდა. ტენდერში ერთ-ერთმა ინდ. მეწარმემ გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა და თანხის სიმცირის გამო სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google