საზოგადოება
გურჯაანში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის დემონტაჟი მოხდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკოლა-ინტერნატის ყოფილი შენობის დემონტაჟს გეგმავს. ამის მიზეზი რამდენიმე დღის წინ შენობის ნაწილის ჩამონგრევა გახდა.
როგორც speqtri.ge-ს ეკონომიკის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განუცხადა, დემონტაჟი სავარაუდოდ სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

-„შენობა აუქციონზე რამდენჯერმე გავიტანეთ, თუმცა ვერ გაიყიდა. რამდენიმე დღის წინ, შენობის შუა ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფო დემონტაჟია საჭირო, რადგან მოსახლეობისთვის საფრთხეს შეიცავს. აუდიტმა შეაფასა და ორშაბათ-სამშაბათს დასკვნაც გვექნება. ნაგებობას იმ კვირაშივე დავდებთ აუქციონზე დემონტაჟის მიზნით. დემონტაჟი სავარაუდოდ სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება. ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფთავდება, მიწა მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩება, რომელიც შემდეგ პირობიანი აუქციონით გაიყიდება და იქ ისეთი რამ გაკეთდება, რაც მუნიციპალიტეტს წაადგება. “-აღნიშნა ბერიძიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი 20 აგვისტოს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სკოლა-ინტერნატი 2010 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ტერიტორია უპატრონოდ არის მიტოვებული.

| Print |
FaceBook Twitter Google