საზოგადოება
წინასწარი ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 10-11 წლის ბავშვებმა დაარბიეს
გუშინ სოფელ შაშიანში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შეფასება გურჯაანის მერის მოადგილეს, ნიკა გეთიაშვილს ვთხოვეთ. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, ამ დროისთვის ბრალდებულების ვინაობა ცნობილია.

„როგორც შევიტყვეთ, სამი ან ოთხი ბავშვია საქმეში ეჭვმიტანილი. მათი ასაკი 10-11 წელია. ასე უთქვამთ, სათამაშოები დავინახეთ და შესვლა მოგვინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ დამტვრეული და დარბეულია ყველაფერი. რატომ მოიქცნენ ასე, ჩემთვის უცნობია. ადგილობრივებმაც იციან ამის შესახებ და პოლიციაც ფლობს ინფორმაციას. “

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ნიკა გეთიაშვილი ამბობს, ამჯერად მიმდინარეობს შენობის დასუფთავება და ზარალიც ამის შემდეგ დაითვლება.
„დამტვრეულია ჭურჭელი, სათამაშოები ფაქტიურად აღარ არის.
თანხებს ააიპი თავის თავზე აიღებს, ჩვენ კი შემდეგ ამ ზარალს ავუნაზღაურებთ. მუნიციპალიტეტის მერია ფიქრობს, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. გვინდა სათამაშოები შევაგროვოთ. პირადად მე, დივიდი უნდა ვაჩუქო, რადგან დამტვრეულია.“

მერის მოადგილე ამბობს, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და 17 სექტემბრისთვის ბაღი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. აღნიშნულ უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღი გუშინ გვიან ღამით დაარბიეს. ამის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს. ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია დარაჯი.
| Print |
FaceBook Twitter Google