საზოგადოება
სად იკრძალება მარიხუანას მოხმარება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მარიხუანას მოხმარება მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე დადგა, მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მე დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარებისთვის და შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელიც განხილული იქნება მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
იმისთვის რომ არ დაზარალდეს საზოგადოების ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი საშუალება ჰქონდეს, რათა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები იქნან დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან.
კანონპროექტის მიხედვით, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული რეგულაცია შეეხებათ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
„მოზარდების მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, დაისჯებიან აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მარიხუანას გასაღება კვლავ რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და არის დასჯადი.



| Print |
FaceBook Twitter Google