საზოგადოება
ვაჩნაძიანში ომის გმირის მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა
დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, აფხაზეთის ომის გმირის მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.

21 წლის მიხეილ მარჩილაშვილი გმირულად დაეცა ტამიშის მისადგომებთან და თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირა.
მემორიალი კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა გახსნეს.
„დღეს გაიხსნა ჩვენი თამამემულის გმირის მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის მემორიალური დაფა, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო იბრძოდა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის. ასეთი გმირების ბრძოლა მაგალითია იმისა, რომ აღარასოდეს უნდა განმეორდეს სისხლისღვრა და დაპირისპირება პროვოცირებული მესამე ძალების და სახელმწიფოების მიერ.
მემორიელური დაფა გზავნილია იმის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ურთიერთშეთანხმების და თანმშრომლობის საფუძველზე უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან“-აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, გურჯაანს კიდევ არაერთი გმირი ჰყავს და შესაბამისად კიდევ ბევრი მემორიალი გაიხსნება.
„მიხეილ მარჩილაშვილისნაირი გმირები ჩვენთვის ძალიან საამაყოა. 21 წლის ბიჭზე რუსეთის სპეცსამსახურებმა გამოაცხადეს დევნა. ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ ასეთი ვაჟკაცები გაენადგურებინათ. გურჯაანში ბევრი ასეთი გმირი გვყავს და შესაბამისად კიდევ ბევრი მემორიალი გაიხსნება მათი სახელობის.“

მემორიალის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, კახეთის ვეტერანთა საქმეთა სამმართველოს უფროსი თამაზ კალატოზიშვილი, მიხეილ მარჩილაშვილის დედა და ძმა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიხეილ მარჩილაშვილის საფლავი გვირვინით შეამკეს.

| Print |
FaceBook Twitter Google