საზოგადოება
მანსანკანის გამარჯვებული მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი „წიოკია“ გახდა.

ფინალში, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა, ოთხი საჯარო სკოლის - ქალაქ გურჯაანის მეოთხე, სოფლების - არაშენდის, კარდენახის და ბაკურციხის გუნდი იღებდა მონაწილეობას.  მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განცხადებით, პროექტი საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა.
„მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის  ჩატარების იდეა, ახალგაზრდებისა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დაიბადა. ფინალში მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. ამ ეტაპისთვის შეიქმნება გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრები, რომელიც უკვე მრავალგზის გამოცდილ და სხვადასხვა პრიზების მფლობელ საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებთან ერთად გამართავს კონცერტს.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის "წიოკის" ყველა წევრს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის და მერიის მიერ დაწესებული პრიზი, ბაქოს საგზური გადასცა.  მეორე ადგილზე გასულ ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდს - "ადრენალინის“, ყველა წევრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის - ვანო ბერიძიშვილის მიერ დაწესებული პრიზი - "ისთ ფოინთ"-ში გართობის სრული პაკეტი გადაეცა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს - კარდენახის "როეს" და არაშენდის "აშენდას", მერია დაცულ ტერიტორიებზე ექსკურსიას მოუწყობს.




| Print |
FaceBook Twitter Google