საზოგადოება
გურჯაანში ღვინის ფესტივალს უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან
13 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი მეორედ ჩატარდება. მასში მონაწილეობას დიდი და მცირე მარნები მიიღებენ, რომლებიც 100-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების ღვინოს წარმოადგენენ.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, ფესტივალს უცხო ქვეყნების დელეგაციებიც დაესწრებიან.
„სტუმრად გვეყოლება აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, თურქეთის და ბელორუსიის საელჩოს წარმომადგენლები. ჩამოვლენ დამეგობრებული ქვეყნის დელეგაციები. ასევე ამ ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, პარლამენტის წევრები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინო. იქნება შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა. სპეციალურად ფესტივალისათვის შეიქმნება საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები. მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები და სხვა საინტერესო სანახაობები.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2018“, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება. მისი გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.












| Print |
FaceBook Twitter Google