საზოგადოება
სიღნაღის მერიას გალავანზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ექვსთვიანი ვადა განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, მუნიციპალიტეტის მერია 12 ათასი ლარით დააჯარიმა.


ამავე თანხით დაჯარიმდა სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ინსტალ პლუსი“.

მერიას ახალი პროექტის შესადგენად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სააგენტომ ექვსთვიანი ვადა განუსაზღვრა.

-“აღნიშნული დარღვევის შესახებ სააგენტომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალიდან შეიტყო, რაზეც ჩვენმა ზედამხედველობის სამსახურმა დროული რეაგირება მოახდინა. დაჯარიმების საფუძველი გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც იურიდიული პირები ჯარიმდებიან ეროვნული კატეგორიის ძეგლზე კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ორივე სუბიექტს ჯარიმის ოდენობად 12 000 ლარი განესაზღვრა. ქალაქ სიღნაღის მერიას მიეცა ექვსთვიანი ვადა, რათა სათანადო პროექტის საფუძველზე შეიმუშაოს ის გზები, რომლის მიხედვითაც აღმოფხვრიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიყენებულ ზიანს. საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.“- განუცხადა speqtri.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალური დადგენილება არ მისვლია და დაჯარიმების შესახებ სასამართლომ უნდა იმსჯელოს. მისივე განცხადებით, პროექტში არ იყო გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაღებვა და მათგან ამის შესახებ მითითება არ ყოფილა.

ცნობისთვის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი და კიბე ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს. გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

| Print |
FaceBook Twitter Google