საზოგადოება
კარდენახში გზის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად მერიამ კომპანიას ხუთდღიანი ვადა მისცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ამხანაგობა კავთას“, რომელიც სოფელ კარდენახში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად ხუთდღიანი ვადა მისცა.
მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, თუკი კომპანია ხუთ დღეში ვალდებულებების შესრულებას სათანადოდ არ დაიწყებს, მას ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.

-„ეს კომპანია ოფიციალურად გავაფრთხილეთ, ხელშეკრულებას ხუთ სამუშაო დღეში შევუწყვეტთ, თუ არ დაგვანახებენ, რომ რადიკალურად შეიცვლება სამუშაოები და აქტიურად დაიწყებენ რეაბილიტაციას. „ამხანაგობა კავთა“ ჩამორჩენილია გეგმა გრაფიკს. ახლა უნდა დაგვანახოს, რომ ნამდვილად შეძლებს ვალდებულებების შესრულებას. გუშინ დაიწყეს მუშაობა, მაგრამ როგორც ვიცი, არ იყო ის აქტივობა, რაც უნდა ყოფილიყო. არ დავუშვებ, რომ კარდენახის მოსახლეობასაც იგივე პრობლემები შეექმნას, რაც ჩუმლაყის, ახაშნისა და ვეჯინის შემთხვევაში იყო. რა მიზეზიც არ უნდა დაასახელონ, ტენდერი მოგებული აქვთ, ვალდებულებები იცოდნენ და აქამდე უკვე დამთავრებისკენ უნდა მიდიოდნენ ,“- განაცხადა მერმა.

რატომ შეფერხდა სამუშაოები, ამ საკითხზე „ამხანაგობა კავთას“ ხელმძღვანელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ამხანაგობა კავთას“ სოფელ კარდენახში საფლაოსთან მისასვლელი გზისა და ცენტრალური გზიდან უბანში ჩასასვლელების მოასფალტება ევალება. სამუშაოები, რომლისთვისაც 555 000 ლარია გამოყოფილი, 27 ივლისს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ამ დროისთვის კი კომპანიას სამუშაოების დაახლოებით 50%-60% აქვს შესრულებული.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / კარდენახი /