საზოგადოება
გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2018 მიმდინარეობს
გურჯაანში ღვინის ფესტივალი ტრადიციად იქცა და წელს უკვე მეორედ იმართება. მოეწყო საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები. საწნახელში დაიწურა ყურძენ , გაკეთდა თათარა და მიმდინარეობს ღვინის დეგუსტაცია.
100-მდე ღვინის კომპანიამ და მცირე მარნებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

-„დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ასევე გურჯაანის მეღვინეობა-მევენახეობის რაიონად ჩამოყალიბებას. გასულ წელთან შედარებით ახლა ბევრად მასშტაბურია წლევანდელი ფესტივალი, მომავალი წელი კიდევ უკეთესი იქნება.“- აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები, მინისტრები, კახეთის გუბერნატორი, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები.

-„ძალიან კარგი დღეა. გურჯაანს გამოცოცხლება დაეტყო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც საუკეთესო გვაქვს და სააშკარაოზე გამოვიტანოთ.“- გვითხრა დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ.

სანახაობით მოხიბლულები იყვნენ ღონისძებაზე მოსული სტუმრები.

-„ღვინის ფესტივალი გურჯაანში ტრადიციად იქცა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ღვინის სამშობლო საქართველოა, ეს ისტორიული ფაქტია. კარგია, რომ თვითმმართველობა ტრადიციას ამკვიდრებს და არ კარგავს.“-აღნიშნა მსახიობმა დათო როსტომაშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი დაასრულებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს "m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ტარდება..


| Print |
FaceBook Twitter Google