საზოგადოება
პოლიციამ სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონა სოფელ ჯანდარაში იპოვა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

-"ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს."

საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ფაქტზე მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ გოგონა სოფელ ლამბალოდან 12 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე საკუთარი სახლიდან მოიტაცეს. ამ ხნის განმავლობაში მას ოჯახი და პოლიცია ეძებდა.
16 ოქტომბერს თბილისში მთავრობის სასახლის წინ გატაცებული გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google