საზოგადოება
გურჯაანში ძაღლების თავშესაფარი მომავალ წელს აშენდება
2019 წელს გურჯაანში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ დაფინანსდება.

„ პროექტს კურირებდა გუბერნია. ველოდებოდით მსოფლიო ბანკის და იაპონიის გრანტით დაფინანსებას , მაგრამ ასე არ გამოვიდა. იმდენად უნიკალური პროექტია მგფ- ს შენიშვნებიც არ შეუტანია. მშენებლობა გურჯაანში, ე.წ. ყოფილი სააგურეს ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება ინტერმუნიციპალური ძაღლების თავშესაფარი, სადაც ცხოველებს გაუკეთდება დეზინფექცია, მოხდება აცრები, დამუშავება, მკურნალობა, კასტრირება, ექნებათ ბირკები. ამის შემდეგ დაუბრუნდებიან იგივე ლოკაციას, მაგრამ აღარ იქნებიან საზოგადოებისთვის საშიში. იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსულები, ნახეს ადგილი და მომავალი წლიდან დაიწყება მშენებლობა. ლოკაცია კარგია, ქალაქიდან მოშორებული. ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს ფინანსურ მონაწილეობას. დასრულების ვადები განსაზღვრული არ არის, არც ისეთი პროექტია, რომ ერთი წელი დასჭირდეს, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში უკვე გვექნება თავშესაფარი.“

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპატრონო ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, გამარჯვებულ კომპანიას ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა ევალებოდა. ტენდერში ერთ-ერთმა ინდ. მეწარმემ გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა და თანხის სიმცირის გამო სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google