საზოგადოება
ერთ ხელშეკრულებაში ორგანიზატორი მეწერა, მეორეში - კოორდინატორი - რას ყვება ააიპ-იდან გათავისუფლებული თანამშრომელი
გურჯაანში ორი თვის წინ შექმნილი ააიპი „საგანამანათლებლო სახელოვნებო სკოლების გაერთიანებიდან“ ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს.


ქეთი ჩიტაშვილი, იზო ხარაზიშვილი და ასმათ ნიკოლაშვილი ახალ სამსახურში გაზეთ „გურჯაანის“ რეორგანიზაციის შემდეგ გადაიყვანეს, ხოლო ციცინო შაოშვილი „საბიბლიოთეკო და სამუზეუმო“ გაერთიანებიდან გადავიდა.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, აიპიდან თანამშრომლების მიღება-გათავისუფლება ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვა მიზეზი არ არსებობს.
„ მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი და დღესაც განვაცხადებ, რომ ჩვენ ვერ შევინახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ააიპს არ გამოადგებიან. ეს არ არის წინასაარჩევნო ცვლილებები და მომავალშიც გაგრძელდება. თუ ააიპის ხელმძღვანელმა ჩათვალა ვინ უნდა იმუშაობს და ვინ არა, ეს შიდა სამზარეულოა და მისი გადასაწყვეტია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელშიც მე ფიზიკურად არ ვერევი. ადამიანები როცა თავისზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, აუცილებლად წავლენ სამსახურიდან. ჩემთვის მთავარია ეფექტური მუშაობა. არც ხელშეკრულების გაგრძელებაში ჩავერევი. მანამდე იყო რეორგანიზაციის პროცესი, რა დროსაც ისინი ხელფასს ჩვეულებრივ იღებდნენ. გურჯაანელების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და შესაბამისად, მოქალაქეები ჩემგან საქმის კეთებას ელოდებიან.“

საპირისპიროს აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული. იზო ხარაზიშვილის თქმით, მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი, მერთან კონფლიქტური სიტუაციაა.
„ ფაქტობრივად ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა. გათავისუფლების ფურცელი გუშინ ჩამაბარეს. თავიდანვე გვითხრეს, რომ მუსიკალური სკოლის ბალანსზე ვიქნებოდით და მერე ტრანსფერიდან გადაირიცხებოდა თანხა. როგორც რუსუდანმა გვითხრა, არანაირი თანხა არ ჩაურიცხავთ და ხელფასი სკოლის ბიუჯეტიდან მოგვცეს. ისიც აღნიშნეს, რომ ამჟამად ფინანსები არ აქვთ და გათავისუფლების საბაბი ვითომ ეს გახდა. მე ასე არ ვფიქრობ, ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი გათავისუფლების საქმე დიდი ხანია მზადდებოდა, არჩილ ხანდამაშვილი ისეთი გაურკვეველი პიროვნებაა, როდის გამოკრავს ადამიანს სარმას, არავინ იცის.“

იზო ხარაზიშვილის განმარტებით, ორი თვის მანძილზე ისიც ვერ გაარკვია, გაერთიანებაში რა თანამდებობა ეკავა.
„საერთოდ რა გაერთიანება შექმენს, რა დანიშნულება ჰქონდა და სად ვიყავით მიგდებულები, ისიც არ ვიცი. ბოლომდე ვერ გავარკვიე რა პოზიცია მეკავა. თავიდან მითხრეს პრესსამსახური უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, ერთ ხელშეკრულებაში ორგანიზატორი მეწერა, მეორეში - კოორდინატორი. გარდა ამისა, არანაირი დავალებები არ გვქონია. ტყუილად მივდიოდით და მოვდიოდით. არც ოთახი გვქონდა. რამდენჯერაც მივედი სამსახურში, მუსიკალური სკოლის შენობაში კორიდორში მიხდებოდა ჯდომა. მერს პირადად შევხვდი და ასეთი პასუხი გამცა - ასაკიანებს სამსახურში არ ვასაქმებო. თუმცა მიზეზი სხვაა, ამბობს რომ ვაგინებდი. მინდა გითხრათ, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს. საჭირო ზომებს აუცილებლად მივმართავ. გაჩერებას არ ვაპირებ.“

საკითხის გასარკვევად ახლადშექმნილი ააიპის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს რუსუდან ჩიტაურსაც დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ააიპი / გურჯაანი /