საზოგადოება
თელავის „ჭაჭის ფესტივალზე“ გურჯაანმა სამი მედალი აიღო

თელავში გამართულ ჭაჭის ფესტივალზე გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან წარდგენილმა ნიმუშებმა, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აიღეს.



მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, ფესტივალში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
„გურჯაანი სამი მეღვინით იყო წარმოდგენილი: ველისციხის მარანი-მუზეუმი „ ნუმისი“, ველისციხის „ბეროზას მარანი“ და შაშიანის „თამარის მარანი“. დღის განმავლობაში ჩვენი კუთხე ბევს სტუმარს მასპინძლობდა. კონცერტის დასასრულს მოეწყო დაჯილდოება. გურჯაანს ხვდა დიდი პატივი და ერთადერთი ყველაზე მთავარი პრიზი „ოქროს ჭაჭა“, მარან-მუზეუმ ნუმისის წარმომადგენელს გადაეცა. ასევე ბეროზას მარანმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აიღო. გურჯაანი მევენახეობა-მეღვინეობის მუნიციპალიტეტია და ჩვენთვის მიღებული, დამსახურებული ჯილდოები ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ამ მიმართულებით უფრო მეტს ვიმუშავებთ და დავგეგმავთ ღონისძიებებს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ნიშის უფროს სრულფასოვნად წარმოსადგენად“.


როგორც ჩვენთან საუბარში პირველი ჯილდოს მფლობელმა მარან- მუზეუმ ნუმისის მფლობელმა ნუნუ კარდენახლიშვილმა აღნიშნა, მისთვის ეს მოულოდნელი იყო.
„სიმართლე რომ გითხრათ, უიმედოდ წავედი, ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე. უბრალოდ მინდოდა ჩვენი ჭაჭა დაეგემოვნებინათ უფასოდ. გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ კი არა, რომ ჭაჭის ხარისხში ეჭვი მეპარებოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით ბევრი დიდი კომპანია იღებდა მონაწილეობას. მოკრძალებული ველოდებოდი შედეგებს. დაჯილდოების დასასრულს, უცებ რომ გამოაცხადეს ნუმისიო, ვიფიქრე შემომესმა. ამის შემდეგ ჟიურის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ამ საქმეში უკვე დიდი ხანია ვარ და ასეთი რბილად დასალევი ჭაჭა ჯერ არ შემხვედრიაო. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ველისციხემ სამი მედალი წამოიღო. არსად არასოდეს არაფერი გაგვიტანია და არც გაგვიყიდია, ეს პირველი შემთხვევა იყო და ისიც ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. დიდი მადლობა გუბერნიას, მუნიციპალიტეტს და კომპეტენტურ ჟიურის.“

ნუნუ კარდენახლიშვილის თქმით, უკვე მოტივაცია გაუჩნდა და მომავალში სხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებზე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

 

 

| Print |
FaceBook Twitter Google