საზოგადოება
ვეჯინის ბაღის მენეჯერი - სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს
გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის მენეჯერი თამარ სიბაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გადაცემა „აქცენტებში“ გავრცელებული ჩანაწერია, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლას ასახავს.
„ჩემი განთავისუფლების მიზეზიც არსებობს და საბაბიც. საბაბია ის, რაც ბრძანებაში მიწერია - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რაშიც იგულისხმება ოთხი წუთით დაგვიანება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და უსაფრთხოება. მე ვადასტურებ, რომ ბაღში ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. 41 ბავშვს აქვს სამი კარადა, მათგან არც ერთს არ აქვს კარები, ტანსაცმელი კი, ერთმანეთზე, ლურსმებზე ჰკიდია და ბავშვებმა შეიძლება ხელი ან თვალი ჩამოაგონ. შეშა ალაგია კარადის უკან და ა.შ. საბავშვო ბაღში ინფარასტრუქტურაა ნული, სწორედ ამიტომ არის დარღვევები. ის ვერ გამიგია, ეს მე ჩემს თავზე რატომ უნდა ავიღო. ყველამ იცის, რომ მათი მოგვარება მერიისა და საკრებულოს პრეროგატივაა.“

თამარ სიბაშვილი იმ ფაქტორებზე გვესაუბრა, რომელიც მისი განმარტებით, გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა.
„სინამდვილეში, ვარ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. არადა, არც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ვარ, არც აგიტატორი და მხარდამჭერი. მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან ვცხოვრობ თავის მართლების რეჟიმში. მე ვარ სიბაშვილი გოგიტას ნათესავი. სიბაშვილების კლანი წავიდა და თურმე დიდი შეცდომაა, ამ დრომდე რომ თანამდებობაზე ვმუშაობ. მუნიციპალიტეტის მერმა დედაჩემთან პირად საუბარში განაცხადა, რომ შენი შვილი იმიტომ გათავისუფლდება, რომ არის სიბაშვილი და ელმირა ბეციაშვილის მეგობარი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. კიდევ ის, რომ ვეჯინში ვერ დაიდო არჩევნებზე ის შედეგი, რაც ბატონ მერს სჭირდებოდა.
არჩევნების წინა საღამოს გადაცემა „აქცენტებში“ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სოფლის გამგებელი ამბობდა, რომ გაშლილი ბიულეტენები უნდა გამოეტანათ გარეთ. ეს ბრძანება ზევიდან არისო. ამ კადრების გავრცელებაში მე დამადანაშაულეს. კიდევ ერთი მიზეზი, როგორც გავიგე, იყო ის, რომ თურმე არჩევნების მეორე დღეს უარყოფითი შედეგების გაგების შემდეგ, ტორტი მივიტანე ბაღში და საზეიმო ვითარებაში გავჭერი. ჩემი გათავისუფლების ბრძანება გუშინ დაიწერა, რომელიც გაერთიანების ხელმძღვანელმა გადმომცა..“

სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მენეჯერის გათავისუფლებას პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.
„გუშინ გავათავისუფლე ვეჯინის ბაღის მენეჯერი, რა კადრები გავრცელდა და რას აბრალებენ ნამდვილად არ ვიცი, საფუძველია სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი და გულგრილი შესრულება. მინდა აღვნიშნო, რომ აპრილში იყო შესული მონიტორინგის ჯგუფი, მაშინ უარესი პირობები დაფიქსირდა. მივეცი დისციპლინური გაფრთხილება. განმეორებითი მონიტორინგის დროს, რომელიც აუდიტთან ერთად განვახორციელეთ, აბსოლუტურად არაფერი არ იყო გამოსწორებული. ბაღი ცხრას რომ თხუთმეტი აკლია მზად უნდა იყოს აღსაზრდელების მისაღებად, იქ კი ათის თხუთმეტ წუთზე არაფერი იყო გაკეთებული. სამსახურში დაიგვიანა ყველა თანამშრომელმა. მე გავათავისუფლე მენეჯერი და რვა თანამშრომელს გამოვუცხადე სასტიკი საყვედური. ამ დღესვე განვახორციელე მონიტორინგი ჭანდრის ბაღში, სადაც მზარეულს ჰიგიენური პირობების დარღვევისთვის გამოვუცხადე სასტიკი საყვედური და მენეჯერმაც მიიღო შენიშვნა. ცუდია, როცა ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი ხდება. გეგმიური შემოწმება გაგრძელდება და დარღვევის შემთხვევაში ყველაზე იქნება მყისიერი რეაგირება.“

ბრალდებებს უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილიც.
„ვერ დავეთანხმები პოლიტიკურ მიზანს. მინდა აღვნიშნო, რომ არავის არ უნდა ეშინოდეს ბაღში ბავშვების გაშვების. მერიის აუდიტის სამსახური უკვე დიდი ხანია გეგმა გრაფიკის მიხედვცით ახორციელებს ააიპებ-ის შემოწმებას და რეაგირებაც მოჰყვა. ბრალდებას არ ვადასტურებ, ადამიანს შეუძლია ვისაც უნდა იმას ემეგობროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჰიგიენა და სისუფთავე ბაღებში ჩვენთვის არის უპირველესი ამოცანა. ეს ერთადერთი ბაღი არ არის, რომელსაც გაფრთხილება მიეცა და რეაგირებაც შესაბამისი მოჰყვა. “

თამარ სიბაშვილი ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღს წლებია ხელმძღვანელობს, როგორც მან განაცხადა, გაჩერებას არ აპირებს და გასაჩივრების შემთხვევაში სამსახურში აღდგენას მოითხოვს.


| Print |
FaceBook Twitter Google