საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციამ ომალოდან ვერტმფრენით ადგილობრივებთან ერთად ძაღლი “ზარბაზანაც” ჩამოიყვანა
გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი ელიზბარაშვილს დახმარებას სთხოვდა.
“სოფელში 2 კაცი ვართ – მე, ჩემი მეგობარი და ერთი ძაღლი. ხვალ ვერტმფრენით უნდა ჩამოგვიყვანონ ბარში და გაზაფხულამდე უკან ვერ ამოვბრუნდებით. ძაღლის გამოყვანა გვინდა, რადგან აქ ვერ დავტოვებთ, შიმშილისაგან დაუძლურდება და მერე მგლები შეჭამენ. ოთხფეხა მეგობარს, რომელიც მგლებს შიშის ზარს სცემს და მისი წყალობით ღამე მშვიდად გვძინავს, როგორ ვუღალატო და სასიკვდილოდ როგორ გავწირო.
ბატონო თამაზ, გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ მთავრობასთან და ეს ძაღლიც ჩასვან ვერტმფრენში და ჩვენთან ერთად გადმოიყვანონ ბარში. მე უარს მეუბნებიან”, – ნათქვამია წერილში.

რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლმა სახელად “ზარბაზანამ” ომალოს მკვიდრებთან ერთად ვერტმფრენით სოფელი დატოვა.

-"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად მორიგი რეისი შეასრულა და სოფელ ომალოდან სოფელ ალვანში 21 ადგილობრივი მოსახლე გადაიყვანა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში ადამიანის ერთგული მეგობრებისთვისაც ყოველთვის მოიძებნება ადგილი - დღევანდელი რეისით ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის, დავით აბულიძის ძაღლმა, ზარბაზანამაც იმგზავრა."- აღნიშნულია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google