საზოგადოება
სანოტარო მომსახურებისას შშმ პირებისთვის სერვისი გამარტივდა
დღეს მსოფლიო შშმ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა მათთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა.


ბრძანების მიხედვით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება.

მოწმეს სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი შეცვლის, რომელიც სანოტარო აქტს დაერთვება. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.

წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირისაგან განსხვავებით, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს მოაწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, თუ შშმ პირის გარდა სანოტარო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობს მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირი, მათი ხელმოწერა ცალკე სანოტარო მოქმედებად არ განიხილება და საზღაურიც გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება.



| Print |
FaceBook Twitter Google