საზოგადოება
გურჯაანის საოლქოში სამ საჩივარზე მოკვლევა მიმდინარეობს
გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა თითქმის დაასრულა. კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, ოლქში სულ 32 საჩივარი შევიდა.

„კენჭისყრის დღეს შემოვიდა 27 საჩივარი, აქედან სამი ჯერაც არ განხილულა , რადგან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ამისთვის სხვა ვადები გვაქვს. 17 არ განხილულა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არქონის, ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის გამოუსწორებლობის, საჩივრის შემოტანის ვადებისა და წესების დარღვევის გამო. დანარჩენი შვიდი საჩივრიდან ერთი დაკმაყოფილდა და კომისიის რეგისტრატორებს მიეცათ შენიშვნა.“

მისივე თქმით, კენჭისყრის დღის გარდა, მოგვიანებით, საოლქოში ასევე შევიდა ოქმებთან დაკავშირებული ხუთი საჩივარი. „აქედან ორი - სამართლიანი არჩევნების, ხოლო სამი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ იყო შედგენილი. მათგან ორი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენი სამი კი - ნაწილობრივ. ვადები ამოწურულია და საჩივრები აღარ შემოვა. “

მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, ამ დრომდე განუხილველი სამი საჩივარი, კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხს ეხება, რომელიც ჯარიმის შეფარდებას ითვალისწინებს. მათზე მიმდინარეობს მოკვლევა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google