საზოგადოება
მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა სიცოცხლის უფლების დაცვაზე და ამ კონტექსტში ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე ისაუბრა.
ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას საჭიროებენ.

2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის საქმეზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომა არ აქვთ.

„სიცოცხლის უფლების კონტექსტში ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა, ამ დროის მდგომარეობით, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე და არ ვიცით, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დასრულდება ის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი წელია, რაც პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც  სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. აღნიშNულთან დაკავშირებით პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუცია.


| Print |
FaceBook Twitter Google