საზოგადოება
სურსათის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან.
-"ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. 
საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:  ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
-ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
-თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
-თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
-სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.
-ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორცის ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება."-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მიმართავს, საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
| Print |
FaceBook Twitter Google