საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა

მათი ინფორმაცით, დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.
„იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ ვის მიერ იქნა ბრძანება გაცემული და რის საფუძველზე. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.


| Print |
FaceBook Twitter Google