საზოგადოება
ინდმეწარმე ვალდებულია საპენსიო 4 % ყურძნის შემოსავლიდანაც გადაიხადოს
საზოგადოებაში არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით. დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა, საჭირო იყო თუ არა ეს რეფორმა და რა პრინციპით უნდა მოხდეს თანხის საპენსიო ფონდში გადარიცხვა.
ზოგიერთი დამსაქმებლისთვის ისიც უცნობია, რომელ ანგარიშზე უნდა გადარიცხოს დაკავებული თანხა.

საკითხის გასარკვევად შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დავრეკეთ (032 2 299 299). ოპერატორმა დეტალურად აგვიხსნა, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები.

-„დარიცხული ხელფასიდან აკავებთ საპენსიო ფონდში გადასარიცხ ორ პროცენტს, რომელიც პიროვნების გადასახადია, ასევე კიდევ 2 % იხდის დამსაქმებელი. მაგალითად თუ დასაქმებულს აქვს 1000 ლარი დარიცხული ხელფასი, დამსაქმებელი 1000-ის 2 %, ანუ 20 ლარს იხდის დაქირავებულის სახელით, დამატებით 20 ლარს ორგანიზაციის ფონდიდან. თანხა უნდა გადაირიცხოს საპენსიო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია საპენისო სააგენტოს ვებგვერდზე: https://pensions.ge. აქ შეგიძლიათ სასურველი ბანკი შეარჩიოთ.
რაც შეეხება დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადს საპენსიო ფონდში გადარიცხული 2 %-ის გამოკლების შემდეგ დაკავდება, ანუ 1000 ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, 20% დაკავდება 980 ლარზე.“

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ პრინციპით იბეგრება ერთჯერადი მომსახურებაც. მაგალითად, ტრენერის ჰონორარი.

-„თუ საქართველოს რეზიდენტი გაგიწევთ მომსახურებას, ვალდებული ხართ მასაც დაუკავოთ 2%. 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც პროგრამაში ჩართვა პირველი სამი თვის მანძილზე სავალდებულოა. თუმცა დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს 3 თვის შემდეგ, არაუგვიანეს 5 თვისა განცხადებით მიმართავს საპენსიო სააგენტოს და უარი განაცხადოს დაგროვებით საპენსიო რეფორმაში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევაში, დაკავებული თანხა დასაქმებულს და დამსაქმებელსაც უკან დაუბრუნდებათ.“

რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმეებს, ანუ თვიდასაქმებულებს, ამ პროგრამაში ჩართვა მათთვისაც სავალდებულოა.

-„წლის ბოლოს თვითდასაქმებული თავისი შემოსავლის, გინდაც ეს შემოსავალი იყოს ყურძნის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, 4%-ს გადარიცხავს საპენსიო ფონდში. თუ მთელი წელი არ აქვს შემოსავალი, ის არაფერს გადაიხდის. დავუშვათ ადამიანი არსად მუშაობს და არ ერიცხება ხელფასი, მაგრამ მოსწონს დაგროვებითი პენსიის სქემა, სურვილის შემთხვევაში მასაც შეუძლია პროგრამაში ჩართვა.“

ცნობისთვის, 500 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც ახალი სქემის პირობებში საპენსიო შენატანს თავს აარიდებს. ჯარიმა ეხება დამსაქმებელს ასევე, თვითდასაქმებულს, რომელიც პირველი იანვრიდან ვალდებულია საპენსიო შენატანი შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხოს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის ანალოგიური წესით დაჯარიმდება თვითდასაქმებულიც.

ვებგვერდზე pensions.ge, შეგიძლიათ სპეციალური მთვლელის საშუალებით გამოითვალოთ დაახლოებით რამდენი იქნება თქვენი პენსია რეფორმაში ჩართვის შემთხვევაში. 

| Print |
FaceBook Twitter Google