საზოგადოება
ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები დაგაკლდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება.
ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ასევე ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ.

„საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და დასჯადი ქმედებების გაფართოება ხდება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი,"- აღნიშნულია პროექტში.

შსს-ში აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავება საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით არის განპირობებული.
| Print |
FaceBook Twitter Google