საზოგადოება
მრჩეველთა საბჭომ ნარჩენების მართვისა და მიწის რეგისტრაციის საკითხებზე იმსჯელა
დღეს გურჯაანის მერიაში მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს ორი საკითხი: მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხელშეწყობის გეგმა და მიწის რეგისტრაცია.


მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზაზა რაქვიაშვილის თქმით, ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალიტეტში დამაკმაყოფილი მდგომარეობაა, თუმცა გარკვეული ცვლილებებია საჭირო.
„ჩვენთან მდგომარეობა კატასტროფული არ არის, მაგრამ საჭიროებს ბევრ ცვლილებას და სიახლეს. სასურველი იქნებოდა ტექნიკის და მუშახელის დამატება. იმედია, საბჭო გაითვალსწინებს ჩვენს რჩევებს, მიაწვდის ინფორმაციას მერს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დასუფთავების კუთხით ჩვენი მუნიციპალიტეტის მდგომარეობას გააუმჯობესებს. უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, მოწესრიგდეს სამშენებლო მასალების გატანა და ა.შ. “


საბჭოს წევრის იზოლდი ქიტესაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის თემა რთული მოსაგვარებელია და საჩქაროდ საჭიროებს რეაგირებას.
„ ამის გადაწყვეტა ადვილი არ არის. შექმნილმა კომისიამ და მერიამაც ხელი უნდა შეუწყოს, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე განიხილონ. მოსახლეობას უნდა დაუკანონდეს კუთვნილი ადგილები. ეს პირველ რიგში იმით არის კარგი, რომ ბევრი პროგრამით შეგვეძლება სარგებლობა და მეორეც სახელმწიფოს დიდი შემოსავალი გაუჩნდება გადასახადების კუთხით.“

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის შორენა ნადაშვილის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული საკითხების შედეგები ერთ თვეში დაიდება.
„ვისაუბრეთ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამისათვის გადავწყვიტეთ, რომ პერიოდულად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დადებს შედეგებს. რაც შეეხება აღიარების კომისიას, მივეცით ერთთვიანი ვადა, რომ ამოქმედდეს, გაიწეროს განრიგი. ვნახოთ ამ ერთი თვის განმავლობაში როგორ იმუშავებენ და რა შედეგს მიაღწევენ.“

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ერთ თვეში ჩაინიშნა, სადაც დღევანდელი თემების შედეგებს და ახალ საკითხს, მშენებლობის ნებართვებს განიხილავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google