საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს
14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.



უწყების ინფორმაციით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები ამოქმედდება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

| Print |
FaceBook Twitter Google