საზოგადოება
დღეიდან შენობების სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დღეიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.
უწყების ინფორმაციით,  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს შესასრულებლად გონივრული ვადა მიეცემა . განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

უწყება შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google