საზოგადოება
მედიატური ჟურნალისტებისთვის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებზე
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.



აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და New World Program–ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)” ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებდა სკოლებსა და ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას.


ორდღიანი ტურის პირველი დღე სასწავლო–შემეცნებით სესიას დაეთმო, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი და იურისტი, მაკა ნუცუბიძე უძღვებოდა. მეორე დღეს, კი ჟურნალისტებმა მოინახულეს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში არსებული ობიექტები, სადაც ყველაზე მწვავედ დგას წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პრობლემები. ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. შეხვდნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და პროექტების ფარგლებში დაარსებულ WaSH საბჭოების წევრებს.


პროექტის მენეჯერის ვახო ქოჩორაძის განმარტებით, ტრენინგის განმავლობაში, მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლებების შინაარსს.
„ამ ორი პროექტის ფარგლებში მოხდა ეგრეთწოდებული WaSH კვლევა, როგორც კახეთში, ისე ქვემო ქართლში. ამას მოჰყვა ანგარიში, რის შედეგადაც დავიწყეთ პილოტპროექტების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ისე ჩვენი საკუთარი რესურსით. პროექტების ფარგლებში ჩამოყალიბდა WaSH საბჭოები, რომლებიც კონკრეტულად ცხელ წერტილებში გვეხმარებიან და გვიწევენ კონსულტაციას. ტრენინგი ემსახურება იმას, რომ ჟურნალისტებმა გაიგონ რას წარმოადგენს წყალზე ხელიმისაწვდომობა და როგორია ადამიანის უფლება ამასთან დაკავშირებით.“


ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა მოამზადონ საკონკურსო სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია და სხვა სახის მედია პროდუქტი. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

| Print |
FaceBook Twitter Google