საზოგადოება
ერთმანეთს ვუსხამთ წყალს და ხელებს ისე ვიბანთ - რა მდგომარეობაა ხაშმის ამბულატორიაში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მოსახლეობა ამბულატორიის რეაბილიტაციას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახის ექიმებს მომსახურება საშინელ პირობებში უწევთ.



ამბულატორია სოფელში გამგეობის შენობაში, მეორე სართულზე, ორ ოთახშია განთავსებული, სადაც ყოველდღე ორი ექთანი და ორი ოჯახის ექიმი პაციენტებს ემსახურება. ადგილზე მისულებს სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა. ხელსაბანი, რომელიც ოდესღაც მოშორებით აივანზე იყო განთავსებული, ექიმების თქმით, მოიპარეს. საპირფარეშო პირველ სართულზეა, არ აქვს კარი და წყალიც რეგულარულად არ მოდის.
როგორც ჩვენთან საუბარში პაციენტებმა აღნიშნეს, იმის გამო, რომ ამბულატორია მეორე სართულზეა, ავადმყოფის აყვანა უჭირთ და ამის გამო ხშირად ექიმის გამოძახება ოჯახში უწევთ.


ქეთევან ხეთაგურაშვილის თქმით, მეუღლეს ინსულტი აქვს გადატანილი, ამიტომ მისი კიბეზე აყვანა შეუძლებელია.
„ ექიმებით კმაყოფილი ვართ, მაგრამ ამბულატორიის მდებარეობაა ცუდი. არც შიგნით არის სათანადო პირობები. რამდენჯერაც მოვიყვანე ჩემი მეუღლე, ექიმი დაბლა მაღაზიაში ჩამოვიყვანე გასასინჯად. ხშირად სახლშიც ვიძახებთ, მაგრამ ყოველთვის როგორ შევაწუხო?! უკვე წლებია ასეთი მდგომარეობაა. მარტო მე არ მაწუხებს ეს პრობლემა. განსაკუთრებით ასაკიან ხალხს უჭირს მაღლა ასვლა. იმედი გვაქვს, ყურადღებას მოგვაქცევენ და ჩვენს პრობლემას მოაგვარებენ.“


ოჯახის ექიმის თინათინ ციფურაშვილის განმარტებით, ამბულატორიაში მართლაც არასათანადო მდგომარეობაა, თუმცა სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ არის და ამიტომ პაციენტების მომსახურება ასეთ პირობებში უწევთ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრება რომ ჩატარდა, გვითხრეს, 20 ათასი ლარია გამოყოფილი და ამ თანხაში მოხდება ამბულატორიის რეაბილიტაციაო. დაგვპირდნენ, რომ წელს შენობის პირველ სართულზე გაკეთდება შესაბამისი სტანდარტების მქონე ოთახები. ორი წელია უკვე ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. სველი წერტილები დაბლაა პირველ სართულზე, საპირფარეშოში წყალი პერიოდულად მოდის. ერთმანეთს ვუსხამთ წყალს და ხელებს ისე ვიბანთ, რადგან დერეფნიდან პირსაბანი ცოტა ხნის წინ მოიპარეს. პაციენტებს კვირაში ხუთი დღე ვემსახურებით. რა თქმა უნდა, გვსურს პირობები გაგვიუმჯობესდეს და ამის იმედი გვაქვს.“


როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ხაშმის ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა არა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
„23 იანვარს ჩატარდა სოფლის კრება და მოსახლეობამ პრიორიტეტად სარწყავი არხის რეაბილიტაცია და გარე განათება დაასახელა. ამ ეტაპზე ამბულატორიისთვის თანხა არ არის განკუთვნილი. არსებული პრობლემები ჩვენთვის ცნობილია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად ახორციელებს მათ რეაბილიტაციას. დავიწყეთ 2014 წლიდან და უკვე გავარემონტეთ: ვერხვიანის, შიბილიანის, გიორგიწმინდის, უდაბნოს ამბულატორიები. დავაყენეთ საკითხი კახეთის გუბერნიაში. ყველა ამბულატორიის მონაცემები გავაგზავნეთ და იქ არსებული მდგომარეობაც არის მითითებული. უახლოეს მომავალში ველოდებით რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხების გამოყოფას. ჩვენთვის ეს თემა პრიორიტეტულია და მისი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება.“


მათივე განმარტებით, ამბულატორია იმავე შენობაში პირველ სართულზე განთავსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google