საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, გურჯაანში 84 ვიდეოკამერა დამონტაჟდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ დროისთვის 67 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, სულ კი 84 ვიდეოკამერის განთავსებაა დაგეგმილი. ამის შესახებ speqtri.ge-ს უწყებიდან ოფიციალური მიმართვის პასუხად აცნობეს.
შსს-ს ინფორმაციით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას აღიქვამს დაახლოებით 50-100 მეტრის მანძილზე და აფიქსირებს ხუთი ტიპის სამართალდარღვევას: სიჩქარის გადაჭარბება, შუქნიშნის წითელ მაშუქ სიგნალზე გავლა, ორღერძულა ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობა, საგზაო მონიშვნის არ დამორჩილება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცენტარლური მაგისტრალის ბევრ მონაკვეთზე აყრილია სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები თუმცა კვლავაც დგას საგზაო ნიშანი, რომელიც მძღოლს სიჩქარის შეზღუდვას ავალდებულებს.  speqtri.ge-ს მოქალაქეებმა მიმართეს კითხვით,  ჩაითვლება თუ არა ასეთ მონაკვეთზე მაღალი სიჩქარით გავლა დარღვევად, ან აღდგება თუ არა სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები?

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს,  აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი შპს "გზამშენი 2005"-ია.  კომპანიაში ამბობენ,  რომ მიმდინარეობს ყველა დაზიანებული მონაკვეთის აღრიცხვა და შესაბამისი სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. 

დაჯარიმებასთან დაკავშირებით კი, შსს-მ ოფიციალურ წერილში განგვიმარტა, რომ მას შემდეგ, რაც სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა (საგზაო ნახაზები, შემზღუდველი და გამაფრთხილებელი ნიშნები) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს დააფიქსირებს.


| Print |
FaceBook Twitter Google